Arts & Books
პავილიონი 6
17-20 November 18:00
გოეთეს ინსტიტუტი "თბილისის წიგნის დღეების" ფარგლებში აწყობს ირინა პოპიაშვილის კურატორობით ორგანიზებულ ღონისძიებას Arts & Books, რომელიც გულისხმობს საქართველოში გერმანელი და საერთაშორისო სახელოვნებო წიგნების გამომცემლებისა, ხელოვანებისა და კურატორების მოგზაურობას.

საერთაშორისო არტ-წიგნის და წიგნის გრაფიკის გამოფენა
პავილიონი 4
17-20 November 11:00-19:00
თბილისის წიგნის დღეებზე მეოთხე პავილიონი დაეთმობა არტ-წიგნს, ალტერნატიულ გამოცემებს, ზინებს (დამოუკიდებელი ჟურნალები) და წიგნის გრაფიკას. წელს სამ უაღრესად საინტერესო კოლექციას წარმოგიდგენთ:
665 Library (კიევი, უკრაინა), Blood Becomes Water (სოფია, ბულგარეთი), Hip Hip Library (სოფია, ბულგარეთი).
მადლობას ვუხდით ბულგარეთის საელჩოს საქართველოში პროექტის მხარდაჭერისთვის.
უკრაინულ-ქართული ფოტოწიგნის გამოფენა (უკრაინა, საქართველო)
პავილიონი 4
17-20 November 11:00-19:00
უკანასკნელი წლების განმავლობაში, ფოტოწიგნი სწრაფად განვითარებად საგამომცემლო მედიუმად გადაიქცა, რომელიც მზარდ ინტერესს იწვევს როგორც პროფესიონალ ფოტოხელოვანთა, ისე საზოგადოდ ხელოვანთა და ავტორთა სულ უფრო ფართო წრეში. საქართველოში, ისევე როგორც უკრაინაში, ფოტოწიგნის, როგორც ჟანრის, განვითარება სულ რამდენიმე წლის წინ დაიწყო. უკრაინულ ფოტოალტერნატივასთან (UFA) თანამშრომლობით, წიგნის ხელოვნების ცენტრმა 2016 წელს დააფუძნა ფოტოწიგნის პირველი უკრაინულ-ქართული კონკურსი. პროექტის პარტნიორები არიან ასოციაცია არტ კავკასია და უკრაინული გამომცემლობა როდოვიდი. კონკურსის გამარჯვებული თითო უკრაინული და ქართული ფოტოწიგნის პროექტი გამოიცემა 2017 გამომცემლობა როდოვიდის მიერ. წელსვე, 13-16 ნოემბერს, საკონკურსოდ შემოსული ნამუშევრები გამოიფინება ფესტივალზე Paris Photo, შემდეგ თბილისის წიგნის დღეებზე.
ქართული ხალხური ზღაპრების ილუსტრაციის გამოფენა (საქართველო)
პავილიონი 5
17-20 November 11:00-19:00
წიგნის ხელოვნების ცენტრის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ქართული ზღაპრის ანთოლოგია, რომელსაც 2017 წელს, წიგნის ეროვნული ცენტრის მხარდაჭერით, გამოსცემს შვეიცარიის წამყვენი საბავშვო გამომცემლობა NordSüd. ანთოლოგიაში შევა ქართველ ილუსტრატორთა მიერ დასურათებული ოცი ქართული ზღაპარი. ეს გამოცემა ქართული საბავშვო ილუსტრაციის მნიშვნელოვან საერთაშორისო აღიარებას ნიშნავს და მის ერთგვარ სავიზიტო ბარათად იქცევა. თბილისის წიგნის დღეებზე გამოიფინება კრებულისთვის თოთხმეტი ქართველი ილუსტრატორის მიერ შექმნილი 50 ილუსტრაცია.
მადლობას ვუხდით ქართული წიგნის ეროვნულ ცენტრს პროექტის მხარდაჭერისთვის.
მადლობას ვუხდით ჩვენს პარტნიორს, გამომცემლობას NordSüd.
ნამის ილუსტრატორთა კონკურსის გამარჯვებულ ილუსტრატორთა გამოფენა (კორეა)
პავილიონი 5
17-20 November 11:00-19:00
ნამის კუნძულის (კორეა) წიგნის ფესტივალი 2005 წელს დაფუძნდა. დაფუძნების დღიდან ფესტივალი ჩვენი პლანეტის ყველა კუთხიდან აგროვებდა წიგნებს სურათებიანი წიგნის ბიბლიოთეკისთვის, მართავდა თხრობის სესიებს, ილუსტრაციის გამოფენებსა და ვორკშოპებს. ნამის ფესტივალმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ნამის კუნძულის ზღაპრულ ქვეყნად - ნამინარას რესპუბლიკად ქცევაში, რომელიც ყოველწლიურად სამ მილიონზე მეტ სტუმარს იზიდავს. 2009 წლიდან ნამის კუნძული ჰანს ქრისტიან ანდერსენის პრემიის ოფიციალური სპონსორია.
2013 წლიდან ფესტივალს ახალი პროგრამა - ნამის ილუსტრატორთა კონკურსი შეემატა, რომელმაც სწრაფად დაიმკვიდრა საბავშვო წიგნის ილუსტრაციის უმნიშვნელოვანესი საერთაშორისო პლატფორმის სახელი.
გამოფენაზე წარმოდგენილია 2016 წლის ნამის კონკურსზე გამარჯვებული 16 ილუსტრატორის ნამუშევრები.
მადლობას ვუხდით დოქტორ ჯუნკო იოკოტას, რომლის რეკომენდაციით ნამის ფესტივალის ორგანიზატორებმა უსასყიდლოდ გადმოგვცეს ნამუშევრების საბეჭდი ფაილები.
ბოლონიის ილუსტრატორთა გამოფენის რჩეული ნამუშევრები (იტალია)
პავილიონი 5
17-20 November 11:00-19:00
ბოლონიის ილუსტრატორთა გამოფენა საბავშვო ილუსტრაციის სფეროში მსოფლიოს ყველაზე მნიშვნელოვანი ყოველწლიური გამოფენაა, რომელშიც ილუსტრატორები მსოფლიოს ყველა ქვეყნიდან მონაწილეობენ.
2016 წელს ბოლონიის ილუსტრატორთა გამოფენაზე მონაწილეობის მისაღებად ჟიურიმ 3200 განაცხადიდან შეარჩია 77 საუკეთესო ილუსტრატორი.
ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებთან თანამშრომლობით, თბილისის წიგნის დღეებზე მოეწყობა გამოფენა, სადაც წარმოდგენილი იქნება გამოფენის მონაწილე 77 ილუსტრატორის თითო ნამუშევარი.
ასეთი მასშტაბის გამოფენა, რომელიც ფაქტიურად თანამედროვე საბავშვო ილუსტრაციის ჭრილს წარმოადგენს, საქართველოში პირველად ეწყობა. გამოფენის ორგანიზატორები არიან ექსპო ჯორჯია და თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი.
მადლობას ვუხდით საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს და იტალიის საელჩოს საქართველოში მხარდაჭერისთვის.
Bologna Ragazzi Award-–ისთვის შერჩეული წიგნების გამოფენა (იტალია)
პავილიონი 5
17-20 November 11:00-19:00
Bologna Ragazzi უკანასკნელი 50 წლის განმავლობაში საბავშვო გამომცემლობის სფეროში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული პრემიაა. ბოლონიის საბავშვო წიგნის ბაზრობის ორგანიზატორებმა თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრის სურათებიანი წიგნის ბიბლიოთეკას საჩუქრად გადასცეს 2016 წლის პრემიისთვის შერჩეული მსოფლიოს 26 საუკეთესო საბავშვო წიგნი, რომლებიც ბოლონიის ილუსტრატორთა გამოფენის ნამუშევრებთან ერთად გამოიფინება თბილისის წიგნის დღეების დროს.
მადლობას ვუხდით იტალიის საელჩოს საქართველოში მხარდაჭერისთვის.