წიგნის ხელოვნების ცენტრი
28-30.11.14       20:00-23:00
ექსპერიმენტული არტისტული წიგნისა და სერიგრაფიის ვორკშოპი
ვორკშოპის დროს შეიქმნება შეზღუდული ტირაჟის ბუკლეტი, რომელიც ხელით იქნება დამზადებული. იგი მონაწილეების მიერ ერთობლივად შეიქმნება და ექსპერიმენტული ბუკლეტის ფორმას მიიღებს. სულ დაიბეჭდება 24 ფურცლისგან შემდგარი დაახლოებით 50 წიგნი და ვორკშოპის ბოლოს ყოველ მონაწილეს შესაძლებლობა ექნება, 2-3 ეგზემპლარით ხელდამშვენებული დაბრუნდეს შინ.
გუნდი
ანა ჰელსგარდი და კრისტიან „მელო“ გფელერი - ბერლინში მცხოვრები შვედურ-ფრანგული არტისტული დუეტი - 2001 წლიდან თანამშრომლობენ. თავიანთ სტუდიაში, რომელსაც „Re:Surgo!“ ეწოდება, ისინი ქმნიან პრინტებს, არტისტულ წიგნებს, სკულპტურებს, ზინებსა და სხვ. ყოველი ახალი პროექტით ისინი განამტკიცებენ თავიანთ რეპუტაციას, როგორც სერიგრაფიის ინოვატორები. კრისტიანის მოღვაწეობა 1995 წელს დაიწყო, როდესაც მან Bongout-ის სახელით ზინების გაკეთება დაიწყო. ჰელსგარდი და გფელერი ისეთსავე მნიშვნელობას ანიჭებენ ინტუიციასა და უნარ-ჩვევებს, როგორც ერთობლივ პრაქტიკას. არტისტული პროექტების ფარგლებში ისინი ხშირად თანამშრომლობენ სხვა არტისტებთან, აწყობენ გამოფენებს. მათი სახელოვნებო სივრცე და მაღაზია ბერლინში გახსნილია საერთაშორისო არტისტებისა და მუსიკოსებისთვის.
პავილიონი 3
28-30.11.14       10:00-14:00
ილუსტრაციის ვორკშოპი
რენატე ჰაბინგერი და ვერენა ბალჰაუსი ჩაატარებენ ილუსტრაციის ვორკშოპს სტუდენტებისათვის, გამოცდილი და დამწყები ილუსტრატორებისა და ილუსტრაციით დაინტერსებული პირებისათვის.
მონაწილეები მიიღებენ პროფესიულ გამოცდილებას, მუშაობის სხვადასხვა ხერხის შედარებით ნათლად დაინახავენ თავიანთი მუშაობის პროცესს და შექმნიან 1-2 დასრულებულ ნამუშევარს.
გუნდი
ვერენა ბალჰაუსი არის ილუსტრატორი და სცენოგრაფი გერმანიიდან. იგი ატარებს ვორკშოპებს ბავშვებისა და ზრდასრულებისთვის და ილუსტრაციის სფეროში 30 წელზე მეტია მოღვაწეობს.
რენატე ჰაბინგერი დაიბადა ავსტრიაში. იგი არის ილუსტრატორი, წიგნის დიზაინერი და მწერალი. რენატე ასევე არის საბავშვო წიგნის სახლისა და საზაფხულო სკოლის დამაარსებელი. იგი მრავალი წელია მუშაობს საბავშვო წიგნებზე, ატარებს ვორკშოპებს პატარებისა და დიდებისთვის.