სპონსორები და ორგანიზატორები
თბილისის 2014 წლის წიგნის დღეების ფარგლებში საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ხელშეწყობით აწყობს საბავშვო წიგნის ილუსტრაციისა და წიგნის ხელოვნების ფესტივალს. პროექტის ორგანიზატორია თბილისის წიგნის ხელოვნების ცენტრი, წიგნის ეროვნულ ცენტრთან და ექსპო ჯორჯიასთან თანამშრომლობით.
თბილისის წიგნის დღეები 2014
თბილისის წიგნის დღეები (2014 წ. 27 - 30 ნოემბერი) არის საქართველოს გოეთეს ინსტიტუტის, წიგნის ხელოვნების ცენტრის და ექსპო ჯორჯიას ერთობლივი პროექტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან, წიგნის ეროვნულ ცენტრთან, საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამარვცელებელთა ასოციაციაციასთან, ირანის საელჩოსთან და გაეროს მოსახლეობის განვითარების პროგრამასთან თანამშრომლობით.

წიგნის დღეების ინიციატორთა სურვილია, გავაფართოვოთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფორმატი და, წიგნების ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, მკითხველ საზოგადოებას მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამა შევთავაზოთ: საერთაშორისო ვორკშოპები და გამოფენები, საჯარო ლექციები, საბავშვო ღონისძიებები, წიგნების კითხვა და დისკუსიები.

ასეთი მასშტაბური პროექტის განხორციელება შესაძლებელი გახდა გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს მხარდაჭერით. ჩვენი მიზანია, ვაქციოთ წიგნის დღეები საქართველოს წიგნის სექტორის შემდგომი განვითარების სამუშაო ლაბორატორიად. ღონისძიების ყველა კომპონენტი დაგეგმილია, როგორც შემდგომი პროექტების, ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამების საწყისი წერტილი. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ღია პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ შემოქმედებითი, სამთავრობო, კომერციული, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ადამიანის ძალისხმევას, ვინც საქართველოს წიგნის სფეროში მუშაობს, და ხელს შეუწყობს მათ საერთაშორისო ინტეგრაციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2018 წელს საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

ამავე დროს, გვინდა ვაჩვენოთ ქართველ მკითხველ საზოგადოებას რაც შეიძლება ბევრი ახალი და საინტერესო რამ, რის მოპოვებასაც მათთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვეცადეთ.

იმედი გვაქვს, ისიამოვნებთ.