სპონსორები და ორგანიზატორები
2017 წელს, თბილისის წიგნის დღეების ფარგლებში, ექსპოჯორჯია უმასპინძლებს ყოველწლიურ წიგნის ბაზრობას.
„თბილისის წიგნის დღეების“ ორგანიზატორები: საგამოფენო ცენტრი „ექსპოჯორჯია“ და წიგნის ხელოვნების ცენტრი.

თბილისის წიგნის დღეები 2017
თბილისის წიგნის დღეები 2017 არის წიგნის ხელოვნების ცენტრის და ექსპო ჯორჯიას ერთობლივი პროექტი.

წიგნის დღეების ინიციატორთა სურვილია, გავაფართოვოთ თბილისის წიგნის საერთაშორისო ფესტივალის ფორმატი და, წიგნების ტრადიციულ გამოფენა-გაყიდვასთან ერთად, მკითხველ საზოგადოებას მრავალფეროვანი კულტურული, საგანმანათლებლო და გასართობი პროგრამა შევთავაზოთ: საერთაშორისო ვორკშოპები და გამოფენები, საჯარო ლექციები, საბავშვო ღონისძიებები, წიგნების კითხვა და დისკუსიები.

ჩვენი მიზანია, ვაქციოთ წიგნის დღეები საქართველოს წიგნის სექტორის შემდგომი განვითარების სამუშაო ლაბორატორიად. ღონისძიების ყველა კომპონენტი დაგეგმილია, როგორც შემდგომი პროექტების, ეროვნული, რეგიონალური და საერთაშორისო თანამშრომლობის პროგრამების საწყისი წერტილი. ჩვენ გვინდა, შევქმნათ ღია პლატფორმა, რომელიც გააერთიანებს ყველა იმ შემოქმედებითი, სამთავრობო, კომერციული, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციისა თუ ადამიანის ძალისხმევას, ვინც საქართველოს წიგნის სფეროში მუშაობს, და ხელს შეუწყობს მათ საერთაშორისო ინტეგრაციას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან 2018 წელს საქართველო სტუმარი ქვეყნის სტატუსით მიიღებს მონაწილეობას ფრანკფურტის წიგნის ბაზრობაზე.

ამავე დროს, გვინდა ვაჩვენოთ ქართველ მკითხველ საზოგადოებას რაც შეიძლება ბევრი ახალი და საინტერესო რამ, რის მოპოვებასაც მათთვის მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში ვეცადეთ.

იმედი გვაქვს, ისიამოვნებთ.